UGT გილოცავთ 8 მარტს!   

ტექნოლოგიების სფეროში არსებული სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა და ბოლო დროს უფრო და უფრო მეტ გოგონა ირჩევს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარებას. UGT გილოცავთ 8 მარტს და ქალთა დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს თამარ ფხაკაძესთან, საქართველოს ბანკის ინფორმაციული და კორპორატიული უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორთან და ქეთევან ლომიშვილთან, UGT-ის IT უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების გაყიდვების მენეჯერთან.

 

რატომ აირჩიეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების, უფრო კონკრეტულად კი უსაფრთხოების მიმართულებით განვითარება და მუშაობა?

 

თამარ ფხაკაძე:

 

უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ ყოფილა, ინფორმაციული ტექნოლოგიებიც არასდროს ყოფილა ახლოს, არც ჩემთან და არც ჩემ პირველად პროფესიათან, ვინაიდან ფრანგული ფილოლოგიის დოქტორი ვარ. მაგრამ ცხოვრება იმდენად საინტერესოა, რა გზას დაგაყენებს საბოლოოდ და რას გასწავლის, წინასწარ არასდროს იცი. პირველად საბანკო სივრცეში 11 წლის წინ შევდგი ფეხი, ამ თარიღიდან მოყოლებული, ერთნაირი წელი არ მქონია. მივიღე შესაბამისი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, დავიწყე მუშაობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლით, შემდეგ შესაბამისობის კუთხით განვაგრძე მუშაობა, ამის შემდეგ დამაინტერესა თაღლითობის და შიდა კონტროლის სფერომ და ბოლოს მივედი ინფორმაციულ უსაფრთხოებამდე. ვფიქრობ, რომ წინარე გამოცდილება ძალიან კარგი პლაცდარმი იყო ამ წერტილში მისასვლელად.

 

ჩემი აზრით, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებად არ იბადებიან და ვერც სწავლების სხვადასხვა საფეხურის გავლის შედეგად ხდებიან პროფესიონალები, მთავარი ამ სფეროში, მუდმივი მზაობაა - მიყვე თანამედროვე ტენდენციებს, აუწყო დროს და გარემოს ფეხი და რაც მთავარია, გააცნობიერო, ის რომ ინფორმაციის ფასი, ხშირად მატერიალურ ფასეულობაზე მაღალია. იმის გააზრებით, რომ შენ, შენ გუნდთან ერთად, ხარ ორგანიზაციისთვის ყველაზე ღირებული აქტივის მცველი, გაკეთებინებს შეუძლებელს და ყოველდღიურ მუშაობას ძალიან საინტერესოს ხდის. სწორედ თემის აქტუალურობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ამ სფეროში ყოფნა.

 

ქეთევან ლომიშივილი:

 

ტექნოლოგიები ყოველთვის მაინტერესებდა. საინფორმაციო ტექნოლოგიები ექსპონენციურად ვითარდება, ამ მიმართულებაში ყოველთვის არის სიახლე და მეც მინდოდა ახლოს ვყოფილიყავი ციფრულ რევოლუციებთან. ჩემი პირველი კონტაქტი ტექნოლოგიებთან საავიაცო სფეროს უკავშირდება, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ჯერ კიდევ სტუდენტი მოვხვდი და შვიდ წელზე მეტია ყოველდღიური ინტერესით მივყვები ამ გზას.

 

ოჯახის რეაქცია როგორი იყო, როდესაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გადაწყვიტე წასვლა?

 

 

ქეთევან ლომიშივილი:

ოდნავ მოულოდნელი. მშობლებს ყოველთვის ეგონათ რომ მედიცინას დავუკავშირებდი ჩემს მომავალს, საბუნებისმეტყველო საგნების ინტერესის გამო, ან სულაც ხელოვნების რომელიმე დარგს მივანიჭებდი პრიორიტეტს, რადგან ცეკვა და მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრები იყვნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ბევრი ქალი ინჟინერი, მენეჯერი და ლიდერია, საქართველოში IT ე.წ. „მამაკაცურ“ პროფესიად მოიაზრებოდა ყოველთვის, განსაკუთრებით, ძველი თაობის სპეციალისტებში. ეს ერთგვარი სტიგმაა, რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც გვხვდება. მიუხედავად ამისა, ოჯახისგან სრული მხარდაჭერა და წახალისება მივიღე, როდესაც მათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს.

 

რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი პროფესია?

 

თამარ ფხაკაძე:

ჩემი პროფესია არის ჩემი ყოველდღიურობა, რომელიც არასდროს მბეზრდება, ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და უფრო მეტიც, რაც ყველას - თითოეულ თანამშრომელს, მენჯმენტს, ორგანიზაციას ჭირდება. მე ვამაყობ იმით, რომ ჩემ გუნდთან ერთად, ჩვენი პროფესიით ვქმნით საიმედოობის და დაცულობის განცდას. შესაბამისად, ჩემი პროფესია ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობის და ზრუნვის გაძლიერებულ დონეს.

 

ქეთევან ლომიშივილი:

ჩემთვის პროფესია პიროვნული რეალიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, თუ რისი კეთება მიწევს ყოველდღიურად. საინფორმაციო უსაფრთხოება კი ამ მხრივ განსაკუთრებულია. აქ არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ინტელექტუალური დაპირისპირებაა კიბერსამყაროს ორ ძირითად „ძალას“ - შეტევასა და დაცვას შორის. დღეს თანამედროვე სამყაროს ყველაზე სენსიტიური ინფორმაცია (ფინანსური, სახელმწიფო-სამთავრობო, სამხედრო, სამედიცინო) შენახულია ელექტრონულ ფორმატში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ათ წელიწადზე ნაკლებ დროში, სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებების ეპიცენტრი სწორედ კიბერნეტიკულ სივრცეში იქნება. იმის გააზრება რომ ჩემი საქმიანობა ასეთ კრიტიკულ სფეროს უკავშირდება, მეხმარება IT უსაფრთხოება აღვიქვა მთლიან სურათში.  სწორედ ამიტომ არის სასიამოვნო UGT-ში მუშაობა. ჩვენი კომპანია ერთადერთი ინტეგრატორია რომელსაც აქვს ცალკე გამოყოფილი დეპარტამენტი უსაფრთხოების საკითხებისთვის. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას იძლევა არ დავკარგო მოტივაცია ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობებში.

 

მოდით ვისაუბროთ თქვენი პროფესიის პლიუსებსა და მინუსებზე?

 

თამარ ფხაკაძე:

დავიწყებ მინუსით - მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ფარაონების დროსაც კი აცნობიერებდნენ ინფორმაციის უსაფრთხოების მნიშვნელობას და იეროგლიფებით დაშიფვრის ან ფიზიკური მცველის არსებობით იცავდნენ მას, დღეს ბოლომდე მაინც არ არის გასიგრძეგანებული რა არის ინფორმაციული უსაფრთხოება და რა მნიშვნელობის მატარებელია ის არა მარტო ორგანიზაციისთვის, არამედ მთელი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში გვიწევს რაღაცეების დამტკიცება, რეალური ფაქტების მოშველიებით ლაპარაკი, საჭიროებების დასაბუთება, გხვდება წინააღმდეგობები, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თავის კალაპოტში ექცევა და ბოლოს ყველა ხვდება, რატომ იყო ესა თუ ის ახალი ნაბიჯი გასაკეთებელი. რაც შეეხება პლიუსს, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე -ეს პროფესია არის საჭირო და ღირებული ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის და ამასთანავე, მუდმივი ზრდის საშუალებას გაძლევს.

 

ქეთევან ლომიშივილი:

მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვთვლი საჭიროდ აქცენტი გავაკეთო გენდერულ ფაქტორზე ჩემ პროფესიაში, ბევრი დადებითი თუ ნეგატიური ფაქტორი, სწორედ, ამით არის განპირობებული. ზემოთ უკვე ვახსენე, რომ, ზოგადად, IT სფეროს ახასიათებს გენდერული სტიგმატიზაცია და აღნიშნულის გამო ხშირად მიწევდა დამატებითი ძალისხმევის დახარჯვა ჩემი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად. ქსელის ადმინისტრატორად მუშაობის დროს, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სატელეფონო ზარის დროს მოსაუბრეს არ სჯეროდა, რომ გოგოს უნდა გასაუბრებოდა ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად. ეს ერთგვარად გამოწვევაცაა და მოტივატორიც.

 

რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტორიც ბევრია. სასიამოვნოა, როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებ კოლეგებისგან. ასევე, სასიამოვნოა შეგრძნება, რომ სხვა გოგოებისთვის წარმოადგენ მაგალითს იმისას, რომ მონდომების შემთხვევაში, ისინიც შეძლებენ წარმატების მოპოვებას IT სფეროში. რაც შეეხება ჩემს დეპარტამენტს, ძალიან მეგობრული გარემო გვაქვს. ჩვენი  უსაფრთხოების ინჟინერი ბიჭები არამარტო პროფესიონალიზმით, არამედ ღირსეული ადამიანური თვისებებითაც გამოირჩევიან. ეს გეხმარება ვიყოთ როგორც ერთი ოჯახი, როგორც კომპანიაში, ისე მის გარეთ. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ძალიან გვეხმარება ეფექტურ მუშაობასა და ერთობლივ წარმატებებში.

 

რამდენად განსხვავდება მამაკაცებთან და ქალბატონებთან მუშაობის სპეციფიკა, რომელ მათგანთან უფრო  მარტივია ურთიერთობა და თანამშრომლობა?

 

თამარ ფხაკაძე:

ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში, განსხვავებას მამაკაცთან და ქალბატონთან მუშაობისას ვერ ვხედავ, სპეციფიკური მიდგომა სქესის გამო ამ შემთხვევაში, ჩემთვის წარმოუდგენელია.  სამუშაოს შესრულება, დისციპლინა და ა.შ ერთნაირად მოეთხოვება ყველას, ისევე როგორც განვითარება და უწყვეტი განათლება. ვერ ვიტყი, რომ რომელიმესთან ადვილი ან რთულია მუშაობა. შესაძლებელია  ურთიერთობის სპეციფიკა განსხვავებოდეს ინდივიდუალურად, ხასიათის გათვალისწინებით, მაგრამ არა სქესის.

 

რამდენად ურჩევდით გოგონებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით განვითარებას  და ზოგადად, რას ურჩევდი მათ, თუკი ამ მიმართულებით აქვთ გადაწყვეტილი სწავლა და მუშაობა?

 

თამარ ფხაკაძე:

გოგონების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ნუ შეაშინებთ სიტყვა უსაფრთხოება, აუცილებლად სცადონ ძალები ამ დარგში, დაანგრიონ სტერეოტიპი და მრავლად მოვიდნენ ინფორმაციულ უსაფრთხოებაში. მათ ვეტყოდი, რომ ეს მომავლის პროფესიაა!

 

ქეთევან ლომიშივილი:

 

ვურჩევდი ყოველთვის მიყვნენ შინაგან ხმას და არ შეუშინდნენ წინააღმდეგობებს. სწორედ წინააღმდეგობების დაძლევა ჩამოაყალიბებთ მათ კარგ პროფესიონალებად. პროფესიონალიზმი კი დღეს განსაკუთრებულად სჭირდება ჩვენს ქვეყანას.